27 დეკემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ორგანიზაცია "ფემინა" არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მოზარდი სამართალდამცველებმა თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს

ორგანიზაცია "ფემინა" არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, ოჯახის მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მოზარდი სამართალდამცველებმა თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს. 

"დაახლოებით 1 თვის წინ, 13 წლის არასრულწლოვანმა დახმარებისთვის მიმართა მეგობრის სრულწლოვან დას და თავის არასრულწლოვან მეგობარს. გოგონა ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად, რის საფუძველზეც არასრულწლოვანმა დახმარებისთვის ადვოკატს და სამართალდამცავებს მიმართა. ამ საქმეში არნახული გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა მოწმე თ. რ-მ, რომელსაც მოძალადეები საცხოვრებელ სახლში მიეჭრნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა როგორც არასრულწლოვანის დასაცავად, ისე საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გენდერის ნიშნით ძალადობის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა 13 წლის გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო მოძალადე ოჯახის წევრებმა ორდერი გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ზემოქმედება მიმდინარეობდა არასრულწლოვანზე, სასამართლო პროცესზე კი ხდებოდა მოძალადის ადვოკატების მიერ არასრულწლოვნის დისკრედიტაცია, თითქოს ის იგონებდა ამბავს, ასევე ისინი აფიქსირებდნენ მოსაზრებას,რომ ჭიპის გამოჩენის გამო შეიძლება არასრულწლოვანს დაემუქრო ძალადობით, სიჯიუტის გამოვლენისას კი ძალადობრივი მეთოდებიც გამოიყენო, მოსამართლემ გაიზიარა არასრულწლოვანის ადვოკატების დასაბუთებული პოზიცია შემაკავებელ ორდერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა მოძალადის სარჩელი.

არასრულწლოვნის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს (არასამთავრობო ორგანიზაცია - "უფლებები საქართველო").

აღსანიშნავია, რომ მოწმე თ.რ-მ ეფექტურად ითანამშრომლა როგორც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან, გამოძიებასა და პროკურატურასთან, რაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია," - აღნიშნულია "ფემინას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები