მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს კვლავ მოუწოდებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ერთიანი ძალებით იმუშაონ და ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთ მაგიდასთან მსჯელობა, ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესებს წარმოშობს.
"რამე სათქმელი თუ აქვთ, შეუძლიათ მოვიდნენ და თქვან იმ სამუშაო ჯგუფებში. არ შეიძლება წინასწარ განწყობის ჩამოყალიბება და სრულიად დაუსაბუთებლად ლაპარაკი. ენას ძვალი არ აქვს, ასე შეიძლება ყველაფერი თქვან. სწორი არის, რომ დასხდნენ და ერთად ვიმუშაოთ. არასწორია ის, რასაც ახლა აკეთებენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აღნიშნავს, განცხადებები, რომ შემოდგომიდან კვლავ იწყება დესტაბილიზაციის მცდელობები, რასაკვირველია, მიუთითებს იმ არსზე, რასაც წამოადგენს ეს ალტერნატიული ფორმატები.
"მოწოდება არის რომ ერთად დაჯდეს ყველა პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაციები, იკამათონ, თუნდაც ნუ შეთანხმდებიან, მაგრამ საზოგადოებას დაანახონ რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სტაბილურობაზე ფიქრი. ის განცხადებები რომ შემოდგომიდან კვლავ იწყება დესტაბილიზაციის მცდელობები, რასაკვირველია, მიუთითებს იმ არსზე, რასაც წამოადგენს ეს ალტერნატიული ფორმატები," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.