15 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა, შესრულდეს 12 პუნქტიანი რეკომენდაცია - ბაჩო დოლიძე

ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეხვედრები გრძელდება. სამი ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებებს მესამე სექტორთან განაგრძობს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მათ მიერ შემუშავებული პროექტები სრულ თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 12 პუნქტთან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ 12 რეკომენდაციებთან დაკავშირებით, აქტიურად იმუშავებენ და ყველა ცვლილება მომზადდება, ამ რეკომენდაციების შესაბამისად.

"ჩვენთვის ამოცანა არის ერთი, შესრულდეს 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ჩვენ რიგ ვალდებულებას ვასრულებთ. მოვამზადებთ ამ კანონპროექტებს, მოეწონებათ - მიიღებენ, არ მოეწონებათ და ყველანი ერთად მოვისმენთ, რა უკეთესი ვარიანტი ჰქონდა მომზადებული ხელისუფლებას. შედეგი იქნება ის, რომ ყველა ცვლილება მომზადდება, რაც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეკომენდაცია. 12 პუნქტს მივყვებით, თუკი სადმე რომელიმე კანონპროექტია შესაცვლელი, ჩვენ ამ შესწორებებს გავაკეთებთ", - ამბობს ბაჩო დოლიძე.

განცხადება გააკეთა ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

"ჩვენ როგორც დაგეგმილი გვაქვს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ვაპირებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად კონკრეტული ინიციატივების და გადაწყვეტილებების შემუშავებას. მაშინ, როცა ქართული ოცნება მოვა და მოიტანს დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც არ ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე და სისტემურად არ აგვარებს ოლიგარქიზაციის პრობლემას, მაშინ როცა მოიტანენ სასამართლო რეფორმების პაკეტს, რომელიც არ აღიარებს კლანს, მაშინ, როცა მოიტანენ საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ იქნება საუბარი, ჩვენ შევხვდეთ ევროპული რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტებით“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები