"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი სოზარ სუბარი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით და რამდენიმე კითხვით მიმართავს:
"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მოუხდა პოზიციის შეცვლა და იმის თქმა, რაშიც ჩვენ ეჭვი იმთავითვე არ გვეპარებოდა.
ჩვენი ლოგიკით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ომის დაწყების შემდეგ შეხვედრა ამერიკის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა და ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი უკვე მივიღეთ.
თუმცა, ამერიკის ელჩის უკანასკნელმა ბუნდოვანმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაგვიმყარა საფუძვლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტული შედეგის მიღებას ემსახურებოდა. თუ მანამდე ამერიკის ელჩი შეხვედრის გამართვის შესახებ არიდებდა თავს მკაფიო პასუხის გაცემას, ახლა ის შეხვედრის შინაარსის შესახებ საუბრობს ბუნდოვანი ფრაზებით. ეს შეხვედრა „აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის სფეროში“ რომ არ ეხებოდა, ბავშვისთვისაც ცხადია.
გარდა ამისა, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რაც სრულიად არადამაჯერებელია. როდესაც ამერიკის ელჩი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი საათით ხვდება, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ განიხილება პირად შეხვედრად. შესაბამისად, ელჩის განცხადება "პირადი შეხვედრის" შესახებ კიდევ უფრო აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რაღაც აქვს დასამალი. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ომის დაწყებიდან არასრული ერთი თვის თავზე ელჩის მოთხოვნით არავითარი პირადი შეხვედრა არ გაიმართებოდა.
კელი დეგნანმა ისიც განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა. დიპლომატიაში დაუწერელი კანონია, რომ ასეთი მოთხოვნა ირიბი ფორმით უნდა დააყენო. შესაბამისად, როდესაც ელჩი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია, ეს ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს "საკმაოდ დიდი ხანია" არ შეხვედრია.
ელჩისთვის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება შეიძლება ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, კელი დეგნანმა მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს თანამშრომლის მიერ დაბარება, მისთვის ელჩის სახელით კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა და ამერიკაში ვიზიტით არგაშვება ისე დაადასტურა, რომ იქვე აღნიშნა, ეს მოსამართლეზე ზეწოლა არ იყოო. შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა.
ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ჰქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის "რუტინული მიზეზებით" გაუქმება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა. თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა დავუსვა შემდეგი შეკითხვა:
ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
ამ კითხვებზე პასუხი მეც და ქართულ საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა.
ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე ზრუნვისთვის ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ სპეკულაციურად რომ არ მისაყვედუროს, ვიტყვი, რომ მე არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ვიცავ, არამედ არსებითად ის მაინტერესებს, ეს ფინანსები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შანტაჟისთვის ხომ არ გამოიყენება," - ნათქვამია სოზარ სუბარის წერილში.