09 დეკემბერი 2024,   02:00
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატია შეფასებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატია შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

პარტნიორები ანგარიშში იმასაც წერენ, რომ ქვეყანა მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, თუმცა საქართველოში მაინც სტაბილური საბაზრო ეკონომიკაა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში არ იყო ჩართული. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტით მრავალთვიან ცილისწამებას პასუხი საბოლოოდ გაეცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასეს საქართველოს ეროვნულ ბანკშიც.

სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტს ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც ქვეყნის შიდა გამოწვევები. ანგარიშში ვრცლად არის საუბარი ქართული მართლმსაჯულების სისტემაზე. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დასავლელი პარტნიორების შეშფოთების საგანია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოპოზიცია სწორედ ამ ნაწილით დაინტერესდა და სასამართლო სისტემის ხარვეზებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების სისტემისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ახერხებს.

მმართველი გუნდისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მათი ეკონომიკური პოლიტიკა სწორია და ამას დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის  ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის აღიარებას ნიშნავს. "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, ქვეყანაში არსებული ინფლაცია საერთაშორისო ბაზარზე უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციით არის განპირობებული.

დღის ამბები