26 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"ცის რაინდები" - საქართველო გუდაურში დაღუპულებს იხსენებს და ემშვიდობება

ზაზა ლორია - მფრინავი, რომელსაც ავიაციის დიდი სიყვარული ამოძრავებდა. პილოტი, რომელიც საქართველოს 35 წელზე მეტია ციდან გადმოჰყურებს, არაერთი სამაშველო ოპერაციის მონაწილე იყო. 1992 წელს, ერთ- ერთი იყო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ადამიანებს ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებდა. გადმოყავდა დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები. სამაშველო ოპერაცია მყინვარწვერზე, ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცია ბორჯომში, - ეს მცირე ჩამონათვალია, სადაც ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ახლაც ადამიანის გადასარჩენად, ეკიპაჟთან ერთად მიფრინავდა. დახმარება თავად დასჭირდა, როდესაც "მი 8" ტიპის სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი მწყობრიდან გამოვიდა. "პარაპლანისტის გადარჩენა" - ეს ერთადერთი ოპერაცია იყო, რომელიც ვერ შეასრულა.

ვერტმფრენში ყველაზე ახალგაზრდა, 25 წლის ანდრო ქუჯოშვილიც იმყოფებოდა. იმედი ჰქონდა, რომ როდესაც მიწაზე მშვიდობით დაეშვებოდა, აფრენის ვიდეოს ნახავდა. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, საჰაერო ძალების თანამშრომელი ერთი წლის წინ გახდა, თუმცა უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

ეკიპაჟის ერთ- ერთი წევრი , 43 წლის დიმიტრი ქააძე იყო. მფრინავი, რომელიც სავიაციო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 20 წელი თავის პროფესიას ერთგულად ემსახურებოდა. დიმიტრი ქააძესთან ერთად ვერტმფრენში ლევან ჩოხელიც იმყოფებოდა. ერთად ხშირად დაფრინავდნენ. 2017 წელსაც, როდესაც ბორჯომში ძლიერ ხანძარს ებრძოდნენ, დავალების შესასრულებლად ერთ ვერტმფრენში ისხდნენ.

30 წლის მაშველმა გიორგი მარგიანმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. კახა ტორჩინავას მთავარი პროფესია, 35 წლის განმავლობაში, სამაშველო სამსახური იყო. მათ სახელს უკავშირდება არაერთი სამაშველო ოპერაციის წარმატებით შესრულება. კახა ტოჩინავა და გიორგი მარგიანი, არაერთ სამაშველო ოპერაციაში ერთად მონაწილეობნენ, მათ შორის იყო, ბათუმის ტრაგედიაც. ერთი საქმე ჰქონდათ, ერთი იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ, - რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა. გუდაურშიც სწორედ ამ სურვილით მიფრინავდნენ.

ვერტმფრენში რვაკაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა. ოთხი მფრინავი, ორი მაშველი და ორი ექიმი. ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი ერთი ბრიგადის წევრები იყვნენ. 46 წლის გიორგი ვენეცკის და 44 წლის ქეთევან გულაღაშვილს, ერთად, 2 წელის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. პარაპლანისტის გადარჩენა, ერთი გუნდის წევრებისთვის, ბოლო გამოძახება აღმოჩნდა.

რვა ადამიანის სიცოცხლე გმირულად დასრულდა. "ცის რაინდები", - ასე ეძახიან მათ, ვისაც ცაში, ქვეყნის სამსახურში, რამდენიმე ათასეული საათით უფრენია, და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. "ცის რაინდები", - დღეს მათ, გლოვის დღეს, საქართველო გულისტკივილით იხსენებს და ემშვიდობება.

დღის ამბები