ვისზე შეაჩერებს არჩევანს საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატურებს შორის, ერთ კვირაში გაირკვევა. შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გვარები უკვე გადასცა. ახლა მათი გაცხრილვა და დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა, სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა, რისთვისაც სალომე ზურაბიშვილის 7 დღიანი ვადა აქვს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის რევაზ ეგაძე, თამარ ალფაიძე და მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი არიან. პრეზიდენტმა 5 კანდიდატიდან, 2 უნდა შეარჩიოს, ცესკოს წევრობის ორი ვაკანტური თანამდებობისთვისაც.
ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ კონსენსუსი შედგება დეპუტატებს შორის, რათა მხარი დაუჭირონ სწორედ გიორგი კალანდარიშვილს, თუ პრეზიდენტი კანონმდებლებს მის სახელს და გვარს გადაუგზავნის.
"მაქვს ბუნებრივია მოლოდინი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ როგორც პრეზიდენტის შემთხვევაში, ასევე შემდგომ, თუ მექნება შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოშიც, მქონდეს სათანადო მხარდაჭერა, თან იმ ფონზე, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, მეორედ არჩევისას, მნიშვნელოვნად გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში და მრავალპარტიულ მხარდაჭერას ჰქონდა ადგილი. დღეს, ჩემს პირად ანგარიშზეა არაერთი პროგრესი, არაერთი შედეგი, არაერთი წინსვლა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, რომლის მიღმაც ასევე დგას საერთაშორისო ორგანიზაცების პოზიტიური შეფასებები, არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში.
შესაბამისად, ეს ყველაფერი მაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოლოდინი უნდა მქონდეს პოზიტიური და მოლოდინი უნდა მქონდეს ასევე იმისა, რომ ყველა ეტაპზე იქნება სათანადო მხარდაჭერა, თუ არ იქნება განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგი, შესაბამისი პოლიტიკური ინდივიდების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა მათი ინდივიდუალური გადაწყვეტის ნაწილია", - აცხადებს კალანდარიშვილი.