კარგად წარმოაჩინა თავი, მაღალი დონის პროფესიონალია - "ქართულ ოცნებაში" გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებენ
ვის შეარჩევს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატურებს შორის ერთ კვირაში გაირკვევა. შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გვარები უკვე გადასცა. ახლა მათი გაცხრილვა და დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა, სწორედ 7 დღის ვადაში პრეზიდენტის პრეროგატივაა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის რევაზ ეგაძე, თამარ ალფაიძე და მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არიან. პრეზიდენტმა 5 კანდიდატიდან 2 უნდა შეარჩიოს ცესკოს წევრობის ორი ვაკანტური თანამდებობისთვისაც.
გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას "ქართულ ოცნებაში" დადებითად აფასებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილმა თავი კარგი წარმოაჩინა და ის მაღალი დონის პროფესიონალია.
"გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურისკენ ვიხრები, იმიტომ რომ კარგად წარმოაჩინა თავისი თავი, მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. აქაც გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც პროცესის განვითარება არ სურს რადიკალურ ოპოზიციას და პრეზიდენტს მოუწოდებდნენ კიდეც, რომ საერთოდ ეს პროცესი ჩაეშალა. აქედან გამომდინარეობს, ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ იქნება მიღწეული თუ არ იქნება მიღწეული ეს საერთო შეთანხმება კანდიდატურასთან დაკავშირებით," - აცხადებს ვოლსკი.
"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.
"ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან რაც მე გადავავლე თვალი, აქვს ამ ადამიანს საუკეთესო შანსები, კანდიდატურის მიმართ პოზიტიურად ვიყავი განწყობილი ამ დრომდეც და მისი ცესკო-ს მმართველობის პერიოდი ვფიქრობ არის კარგი დასტური იმისა, რომ მას კარგი უნარები გააჩნია იმისთვის, რომ მომავალშიც უხელმძღვანელოს ცესკო-ს. ასეთია ჩემი წინასწარი განწყობა, თუმცა ყველაფერს, რა თქმა უნდა, განხილვები გვაჩვენებს," - ამბობს სარჯველაძე.