ვითარება დაძაბულია მთიან ყარაბაღში, სადაც აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები გუშინ მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 19 ადამიანი. სომხეთის მხარეს 2 გარდაცვლილი სამხედროა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო, კონტრ-ტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. შედეგად, ყარაბაღში დღეიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული.
სომხური მედიის ინფორმაციით კი აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და ყარაბაღის დაცვის არმიის წინააღმდეგ ყუმბარ-მტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლი დაამყარეს. რეგიონში წარმოქმნილ ახალ დაძაბულობაზე, უკვე გამოთქვეს შეშფოთება ევროკავშირსა და NATO-ში.
ბრიუსელი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც და მხარეებს დაძაბულობის შესამცირებლად დაუყოვნებლივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
"ბოლო დღეებში სიტუაცია მთიან ყარაბაღში და მის გარშემო უკიდურესად მწვავე გახდა. მომხდარი ბრძოლების შედეგად, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების 19 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ორი სამხედრო დაიღუპა. არაერთი მოვლენა, რომელიც ამ დღეებში ხდება და მანამდე მოხდა, ბადებს სისტემური ხასიათის კითხვებს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნა და აქტიურობა მთიან ყარაბაღში არის მთავარი ფაქტორი სომხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამდროისთვის ყარაბაღში აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობს. თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია," - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ანარ აივაზოვი ამბობს, რომ სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უხეშად დაარღვიეს 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადების დებულებები და განახორციელეს ტერორისტული დივერსია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.
"გუშინ, სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით არის განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი, უხეშად დაარღვიეს 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადების დებულებები და განახორციელეს ტერორისტული დივერსია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ. ტერორისტული პროვოკაციის შედეგად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლი დაამყარეს," - განაცხადა ანარ აივაზოვი.