ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში წერს.
მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმები ან COVID კლინიკები ჩვენებების შემთხვევაშიც კი არ იწყებენ მკურნალობას "პაქსლოვიდით" ან "რემდესივირით", რაც სერიოზულად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. ცერცვაძე "დაბეჯითებით ურჩევს" ყველა სპეციალისტს, დროულად გამოიყენონ მედიკამენტები.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, "პაქსლოვიდს" აქვს რაღაც კრიტერიუმები, რის ფონზეც შეიძლება დანიშვნა.
"საუკეთესო მედიკამენტი "ფაიზერის" ფირმის "პაქსლოვიდი", რომელიც არის ძალიან ეფექტური და გამოვცადე პირადად ჩემს თავზე. მე ახლახან გადავიტანე კოვიდი და როგორც კი დამიდასტურდა, პირველივე დღეს დავიწყე "პაქსლოვიდით" მკურნალობა და დავისვენე ის ერთი კვირა. არანაირი გვერდითი მოქმედებები არ აქვს, აქვს რაღაც კრიტერიუმები, რის ფონზეც შეიძლება დანიშვნა, ყველას ვერ დავუნიშნავთ - გარკვეულ მედიკამენტებთან არის შეუთავსებლობა, ეს იცის ყველა ექიმმა და ვფიქრობ, რომ უნდა მივაქციოთ ამ საკითხს ყურადღება,"-აცხადებს მარინა ენდელაძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ "პაქსლოვიდის" მიღება შესაძლებელია ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რაც შეეხება "რემდესივირს", აღნიშინული პრეპარატი, ჯერჯერობით ამბულატორიულ დონეზე არ ინიშნება.
"პაქსლოვიდი" ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია პაციენტმა ამბულატორიულად მიიღოს. ეს არის სამი ანტივირუსული პრეპარატის კომბინაცია და პრეპარატი პაციენტმა შესაძლოა მიიღოს დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. მოსახლეობა კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც კი დაურეგისტრირდებათ დაავადება, შეატყობინონ ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენონ "ონლაინ ექიმი", რომელიც სავარაუდოდ გადაწყვეტს მას ესაჭიროება "პაქსლოვიდი" თუ არა. ეს არის პრეპარატი, რომელიც წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას, გამრავლებას ეწინააღმდეგება. დღეისთვის ისეთ პაციენტებს ენიშნებათ, რომლებიც არიან რისკ ჯგუფებში - ესენი არიან 60 წელს გადაცილებული პაციენტები და მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები. რაც შეეხება "რემდესივირს", ეს ამბულატორიულად მისაღები პრეპარატი ჯერჯერობით არ არის იმიტომ, რომ ეს არის ინტრავენური მოხმარების პრეპარატი და ინფუზია ხდება კლინიკაში, მის მიღებას აზრი აქვს დაავადების დაწყებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში,"-აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.