22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ვისია კოლხური კოშკი, მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა შვილებს დაუტოვა - ზვიად გამსახურდიას 1988 წლით დათარიღებული ანდერძი

ცოტნე გამსახურდია, რომელიც დღეს 46 წლის გახდა, საკუთარ დაბადების დღეს, უკვე მეორე წელია, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ხვდება. მას მშობლიურ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა კვლავაც არ ეძლევა, რადგან კოლხური კოშკის კარი, მანანა არჩვაძეს აქვს დაკეტილი და შიგნით არავის უშვებს. პირველი პრეზიდენტის მეუღლე არ აღიარებს რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის მსგავსად, კოლხურ კოშკზე საკუთრების სრული უფლება გიორგი გამსახურდიას მიანიჭა.

კოლხური კოშკის გარდა, მანანა არჩვაძე უარს ამბობს ფინანსური დახმარების შვილისთვის გაყოფაზეც. პირველი პრეზიდენტის მეუღლე, სახელმწიფო პენსიის სახით, ყოველთვიურად 7000 ლარს იღებს, სარგებლობს წყნეთის სამთავრობო აგარაკით და ემსახურება ავტომობილიც. თავად ირწმუნება, რომ ცოტნეს მეუღლეს, ანა ჯაბაურს გამსახურდიების ქონების ხელში ჩაგდება სურს, თუმცა თავად ანა ჯაბაურმა სასამართლოს გზით ოფიციალურად თქვა უარი ყოველგვარ ქონებრივ და ფინანსურ სარგებელზე. მანანა არჩვაძის და მისი მომხრეების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გამო, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართოს.

ცოტნეს კოლხურ კოშკში გადაყვანას ითხოვს კონსტანტინე გამსახურდიაც, რადგან ქართველი და უცხოელი ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, პაციენტს სრული რეაბილიტაციისთვის ახლა მხოლოდ მშობლიური გარემო სჭირდება.

ანდერძი, რომელზეც კონსტანტინე გამსახურდია საუბრობს, 1988 წლით არის დათარიღებული. ნოტარიუსით დამოწმებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ყველა თავის ქონებას გიორგი და ცოტნე გამსახურდიებს უტოვებს. ანდერძში მანანა არჩვაძე არსადაა ნახსენები.

გალის ქუჩის მაცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, რომ მანანა არჩვაძე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად კოლხურ კოშკში ხშირად ჩნდება. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ პირველი პრეზიდენტის მეუღლე, შვილებთან ქონებრივი დავის პარალელურად, ისტორიული მნიშვნელობის სახლს საფრთხეს უქმნის.

"კურიერის" გადამღებ ჯგუფს კოლხური კოშკის კარი დღესაც დაკეტილი დახვდა. თავად მანანა არჩვაძე მედიასთან არ კონტაქტობს. ის რძლის წინააღმდეგ მიმართვებს, ძირითადად სოციალური ქსელით ავრცელებს და ცოტნე გამსახურდიაზე მეურვეობის მოპოვებას ითხოვს.

კოლხური კოშკის კუთვნილებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას მანანა არჩვაძე ახლა მესამე ინსტანციაში გეგმავს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში სარჩელი ჯერ არ შესულა.

დღის ამბები