22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
არის თუ არა საქართველოში ქსენოფობიური განწყობები - რუსეთის მოქალაქეების მოზღვავება ქვეყანაში და შესაძლო ახალი საფრთხეები

ქსენოფობიური კამპანიის მიღმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, "ნაციონალურ მოძრაობას", მასთან დაკავშირებულ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და მესამე სექტორს ხედავს. ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში ჩანიშნულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიცია, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური კამპანიის წარმოებით, საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას ცდილობს, რაც მისი განმარტებით, მხოლოდ ერთ მიზანს - ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურება.

ირაკლი კობახიძემ დღეს ის სტატისტიკაც წარმოადგინა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის მაჩვენებელს ასახავს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოფიციალურ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა, ოპონენტების ის მოთხოვნაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ თემის გააქტიურება ქსენოფობიური კამპანიის ნაწილია, საკითხზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტებს ისიც შეახსენა, რომ საქართველოში შემოსასვლელად რუსებს უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა წინა ხელისუფლებამ მისცა.

ბრიფინგს მალევე ადრესატებმა უპასუხეს - "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ქსენოფობიურ კამპანიას ადგილი არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პირიქით, სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებაა ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. ოპოზიციის მხრიდან დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი.

შესაბამისი უწყებებიდან მეტ ინფორმაციას ითხოვს ოპოზიციის მეორე ნაწილი, ამ პარტიებში ფიქრობენ, რომ საჭიროა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები აღარ ქონდეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური კამპანიის წარმოება მხოლოდ ერთს, ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და მეორე ფრონტის გახსნას ემსახურება. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ ეროვნული ნიშნის გამო ადამიანების მიმართ აგრესია მიუღებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებას მალევე გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას აზრით, საერთოდ არ არის გასაკვირი ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ აგრესია აქვთ, თუმცა ქსენოფობია ომბუდსმენისთვისაც მიუღებელია. ნინო ლომჯარიას თქმითვე, სახალხო დამცველის აპარატს ქსენოფობიის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სახალხო დამცველს დღის ბოლოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ განცხადებით ომბუდსმენი თავადაც ქსონოფობიურ კამპანიაში ჩაერთო.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, პანდემიამდე, საქართველოს 850 ათასზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია. 2022 წლის ანალოგიურ მონაკვეთში კი ვიზიტორების რაოდენობა 400 ათასია ანუ 52.5 %-ით ნაკლები

 

დღის ამბები