19 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
მეორე დღეა ტაივანიდან 15 კილომეტრში ჩინეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს - ქვეყანა პეკინის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება და აცხადებს, რომ აგრესიას მყისიერად უპასუხებს

ჩინეთი ტაივანის ირგვლივ წვრთნებს განაგრძობს, ვითარება კი წყნარი ოკეანის რეგიონში კიდევ უფრო იძაბება. კუნძულიდან 15 კილომეტში ჩინეთმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ 5 რაკეტა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. როგორც უცხოური მედია წერს, 5 რაკეტიდან 4-მა ტაივანს გადაუფრინა.

ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედრო ხომალდმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთა. საუბარია არაფორმალურ გამყოფ ხაზზე, რომელიც მატერიკულ ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული. ქვეყანა, რომელიც პეკინის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება, აცხადებს, რომ აგრესიას მყისიერად უპასუხებს.

მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ჩინეთის ხელისუფლებამ მალევე მიიღო საპასუო ზომები და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის განმარტებით, პელოსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას. ჩინეთმა დააანონსა რვა საპასუხო ზომაც, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების გაუქმება ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის, ასევე აშშ-ჩინეთის თანამშრომლობის შეჩერება არალეგალურ მიგრაციასთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ნენსი პელოსი ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2 აგვისტოს მაინც ეწვია ტაივანს.

თუმცა ჩინეთი მხოლოდ ნენსი პელოსისთის სანქციების დაწესებას არ დასჯერად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპული ქვეყნების ელჩები საყვედურის გამოსაცხადებლად დაიბარა, მიზეზად მათი მხრიდან საშინაო პოლიტიკაში ჩარევა დაასახელა. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ევროპული ქვეყნების ელჩების მისამართით აქვთ პრეტენზიები.

კიდევ უფრო მწვავე იყო საპასუხო გზავნილები ამერიკიდან. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩინეთს ტაივანის იზოლაციის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც ნენსი პელოსი აცხადებს, ოფიციალური პეკინი ცდილობს მათი ტაივანში ვიზიტების პრევენცია მოახდინოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ტაივანის კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინი კრიზისულ სამხედრო მდგომარეობას არ შექმნის. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც წვრთნების ფარგლებში ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის ირგვლივ არსებული წყლების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის ერთგული რჩება.

ჩინეთი უკვე მეორე დღეა, ტაივანის გარშემო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რეალური ცეცხლის გამოყენებით, მას შემდეგ, რაც ტაივანს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია.

დღის ამბები