21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
14 წელი აგვისტოს ომიდან: ტრაგიკული თარიღი და აგრესია რომელიც კვლავ გრძელდება - რა გზავნილებს იღებს საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან

აგვისტოს ომი გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს. რუსულ ინტერვენციას და ოკუპანტის არაპროპორციულ ძალას 14 წლის წინ 14 პოლიციელი და 170 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. აგრესორის იერიშის შედეგად დაიღუპა 224 მშვიდობიანი მოქალაქე. ათობით ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. უწყება მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი. განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მიმართვას ქართულ ენაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები ავრცელებენ. ისევე, როგორც 14 წლის წინ, დღესაც - ვაშინგტონი თბილისს მხარდაჭერას უცხადებს.

რუსულ ინტერვენციას გმობს და საქართველოს გვერდით დგას ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა. სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი.

გმირთა ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გაწირეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს.

რუსულ აგრესიას გმობს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებით, დღესაც მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები რჩება.

2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციას სოციალური ქსელით ეხმაურება ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი დღეს შიდა ქართლშიც იმყოფებოდა, სადაც ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ოკუპაციას გმობენ საქართველოში ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის საელჩოები, ასევე ესტონეთის და კანადის დიპლომატიური წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთს 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მხარს უჭერს უკრაინა, ქვეყანა, რომელიც რუსულ აგრესიას უკვე თითქმის ნახევარი წელია წინააღმდეგობას უწევს.


დღის ამბები