22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
"მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არ ვარ პატარა, ახლა დაგიწერთ მემუარებს, ნოსტალგია ბევრი მექნება, მაგრამ ასე ჯობია დღეს" - ამირან გამყრელიძე

9 წლის განმავლობაში უცვლელი ეპიდემიოლოგი თანამდებობიდან მიდის. ამირან გამყრელიძე რამდენიმე საათის წინ საკუთარ თანამშრომლებს დაემშვიდობა. თუმცა, მანამდე გამყრელიძე მის შემცვლელ თამარ გაბუნიას დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დღეს მინისტრსაც შეხვდა, რომელმაც მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დღეს არ სახელდება არც ის, თუ ვინ შეცვლის ამირან გამყრელიძეს და არც სავარაუდო კანდიდატების შესახებ არის რაიმე ცნობილი.

ამ ეტაპზე უცნობია ისიც, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს გამყრელიძის მოადგილეები. 

ჯანდაცვის სამინისტროდან გამოსულმა ამირან გამყრელიძემ, "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ დროა 10 წლის შემდეგ დაისვენოს. მან გუნდში დაპირისპირების არსებობა გამორიცხა:

"დროა უკვე, 10 წელია ვარ. კოვიდ პანდემია თანდათან უკან იხევს, დღევანდელი მონაცემებიც დამამშვიდებელია. არავითარი დაპირისპირება არ არის, ახალი გუნდია, ძალიან კარგია, მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არა ვარ პატარა, დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვარ. ახლა დაგიწერთ მემუარებს თუ გამიშვებთ, რომ როგორმე 2 თვე ცოტა დავისვენო. მერე დავბრუნდები, რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, რომ ლექციები წავიკითხო. მე მაქვს ჩემი ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში, რითაც მე დავიწყე საექიმო მოღვაწეობა, ეს არის - ალერგია, ასთმა და იმუნოლოგია, ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით იქ და მე მგონია, რომ საქმე ბევრი მექნება. რა თქმა უნდა, ნოსტალგია ბევრი მექნება, მაგრამ ასე ჯობია დღეს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დაპირისპირებას გამორიცხავს თამარ გაბუნიაც:

"არანაირი დაპირისპირება არ არის, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში. გადაწყვეტილება ბატონმა ამირანმა თავად მიიღო. ვიდრე ახალი დირექტორის გამოვლენა მოხდება დადგენილი წესით, მე დროებით შევასრულებ მოვალეობას,"- ამბობს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები