22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
მიხაილო პოდოლიაკის მორიგი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ - რა პასუხები აქვთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

მორიგი გზავნილი საქართველომ უკრაინიდან პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკისგან მიიღო. ამჯერად, უკრაინელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები გაასაჯაროებენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობას ასახავს.

"ქართული ოცნებისთვის" მიხაილო პოდოლიაკის განცხადება შეურაცხმყოფელი და სპეკულაციურია. მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების თავის არიდების ფაქტებს დაადასტურებს, რადგან როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, მსგავსი ფაქტები არ არსებობს.

მტკიცებულებების გასაჯაროებას ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტები, თუმცა, მანამდე ამბობენ, რომ საქართველოსა და მოსკოვის თანამშრომლობის შესახებ კითხვები მათაც აქვთ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა ბრალდებას ხელისუფლების მხრიდან პასუხი გაეცეს და ამავდროულად, ისინი მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ღიად დააფიქსიროს საკუთარი მხარდამჭერი პოზიცია უკრაინის მიმართ.

კიდევ ერთი ბრალდება ​ პოდოლიაკმა "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააჟღერა. უკრაინელი მაღალჩინოსანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ღიად თქვას რუსეთ-უკრაინის ომში ვის უჭერს მხარს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პოდოლიაკის ახალი განცხადება არამარტო აზიანებს საქართველოს ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყანასაც. მათივე თქმით, ეს გზავნილები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - გაიხსნას საქართველოში მეორე ფრონტი.

მიხაილო პოდოლიაკის ამ ბრალდებებს უარგუმენტოსა და უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში, სადაც ფიქრობენ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმის. კიევიდან გამოთქმულ ყველა ასეთ განცხადებაზე ოფიციალური თბილისის პასუხი არის, რომ ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ იქნება.

დღის ამბები