22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
უპრეცედენტო შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკეს

უპრეცედენტო შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკეს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, ყოფილი პრეზიდენტის პალმ ბიჩზე მდებარე სახლში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI მარალაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. ტრამპმა მომხდარი შეერთებული შტატებისთვის ბნელ დროდ, პროკურატურის ქმედება კი - არამალრთლზომიერად შეაფასა.

მისივე თქმით, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრაში. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი კი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით, პრეზიდენტი, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვალდებულია მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.

მომხდარს პოლიტიკური ოპონენტების დევნად მიიჩნევენ რესპუბლიკური პარტიის წევრები. "უპრეცედენტო კორუმპირებული ქმედება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება" - ასე აფასებს მომხდარს რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი.

"რაც ნიქსონმა სცადა, ახლა ბაიდენმა განახორციელა, მისი ადმინისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ, მიზანმიმართულად იყენებს" - წერს ტედ კრუზი ტვიტერზე.

დემოკრატი სენატორების მტკიცებით კი ფედერალური ბიუროს ქმედებისთვის პოლიტიკური სარჩულის მიბმა გაუმართლებელია.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, სახელს არაერთი სამართლებრივი ბრალდება უკავშირდება. მათ შორისაა არჩევნებში უკანონო ჩარევა, ბიზნესში თაღლითობისა თუ ცილისწამების შემთხვევები. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის სახელი დაკავშირებულია 6 იანვარს მომხდარ კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმესთანაც.

დღის ამბები