22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ დეპუტატები

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი პირველად შეიკრიბა. რეკომენდაციების მეოთხე პუნქტის თანახმად, უნდა შეიმუშავონ ისეთი მექანიზმები, რომლითაც, ეს სამსახურები უფრო გაძლიერდება. ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას ისევ არ ესწრება.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ის პოზიცია, რაც შესვლამდე გვქონდა, რომ ამ ორ სამსახურს ჰქონდეს მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა და ლეგიტიმაცია. ასევე, ამ სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ 2/3-ის არჩევით. ეს იყო ჩვენი ძირითადი პოზიცია, რა თქმა უნდა, ყველა უწყებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ შევთანხმდით დაახლოებით 10-დღიან ვადაზე, რომ თითოეულმა კომისიაში მომუშავე ჯგუფის წვერმა უნდა წარვადგინოთ, წერილობით ჩვენი კონკრეტული პოზიცია, კონკრეტული წინადადებები,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა კერესელიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ მათ ექნებათ კონკრეტული წინადადებები იმ ზიანის გამოსასწორებლად რაც "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიაყენა. მისივე თქმით, ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს არ შეიძლება მისი შუაზე გახლეჩა, კანონმდებლებმა იგი უნდა დაიცვან. 

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ისევ არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ოპოზიციაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და ინიციატივების წარდგენას საპარლამენტო სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე აპირებენ. 

დღის ამბები