22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ანექსირებულ ყირიმში "ნოვოფიოდოროვკის" ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ პანიკაა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ანექსირებულ ყირიმში "ნოვოფიოდოროვკის" ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ პანიკაა. მიუხედავად იმისა რომ უკრაინის თავდაცვამ საკუთარი მონაწილეობა აფეთქებაში უარყო, რუსი დამსვენებლები ნახევარკუნძულს თავდასხმის შიშის გამო მასობრივად ტოვებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საბრძოლო მასალების დეტონაციის შედეგად, დაიწვა 9 საბრძოლო თვითმფრინავი, დაზიანებები აქვს ბაზის ირგვლივ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებსაც. ჯერჯერობით კიევი ყირიმზე შეტევას არ ჩქარობს, თუმცა დეოკუპაციის გეგმას ამუშავებს.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს", - განაცხადა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პანიკაა უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვაშიც, სადაც მოსახლეობას ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, მოსახლეობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. კიშინიოვს შიში აქვს, რომ რადიაციის გაჟონვის შემთხვევაში, შესაძლოა საშიში ნაწილაკებით გაჯერებული ღრუბელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდეს. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ სადგურზე დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს სპეციალური კომისია. რუსული არმია აგრძელებს დნეპროპეტროვსკის დაბომბვასაც.

1 დაღუპული და 5 დაშავებული - ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ლიდერი ავრცელებს. სერგეი ოქსიონოვის განცხადებით, 15:20 წუთზე "საკის" აეროდრომზე მინიმუმ 12 აფეთქება იყო.

ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოიერიშეები და სამხედრო ვერტმფრენები იყო მობილიზებული. განადგურებულია სუ-24, სუ-25 და სუ-30 ტიპის 9 საბრძოლო თვითმფრინავი. კრემლში ამ დრომდე აცხადებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. ოფიციალური კიევი კვლავ ორაზროვანი განცხადებებით შემოიფარგლება.

ოკუპანტები აქტიურად უტევენ ნიკოლაევის ოლქს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ცეცხლი რამდენიმე ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნიკოპოლში ოკუპანტების საჰაერო იერიშს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაიჭრა 13 მშვიდობიანი. ოკუპანტებმა ტერიტორია ე.წ "გრადის" სისტემით ღამის განმავლობაში ორჯერ დაბომბეს - სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო.

სირთულეების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადადიან. წერტილოვანი დარტყმების შედეგად განადგურებულია ოკუპანტების სამეთაურო პუნქტები. უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის 35 წევრის ლიკვიდაციასაც ადასტურებს. ნოვოალექსეევკაში კი განადგურებულია აგრესორის საბრძოლო მასალის საცავი.

მარიუპოლში ოკუპანტები და მათ მიერ მართული ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო ტრიბუნალისთვის ემზადებიან. თეატრის შენობაში უკვე დამონტაჟებულია გალია, სადაც "აზოვის" ბატალიონის მეომრებს გაასამართლებენ. რა იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა, ჯერ არ კონკრეტდება.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ საფრთხის ქვეშ არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. იქ გამაგრებულია რამდენიმე ასეული ოკუპანტი, საიდანაც უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის დაბომბვა მიმდინარეობს. უკრაინის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ აგრესორის გაუაზრებელმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს. ამიტომ, ერთ-ერთ ვარიანტად ელექტროსადენებზე იერიშის მიტანა სახელდება, რაც სტრატეგიულ ობიექტს დენის გარეშე დატოვებს.

დღის ამბები