22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სააკაშვილს კლინიკაში "ემპათიას" წარმომადგენლები ხვდებიან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებები ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს ცენტრ "ემპათიას" ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ექიმი ოთარ თოიძე ხვდებიან. ისინი უკვე ერთი საათია კლინიკა "ვივამედში" იმყოფებიან. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოთარ თოიძის განცხადებით, მისი ტრანსპორტირება სახიფათოა და უცხოელი სპეციალისტები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვიდნენ.

"ამ ექვსი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, გარდა ამისა, არის ახალი ანალიზები და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებსაც გავეცნობით და მოვემზადებით უცხოელი კოლეგების დასახვედრად. შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ, დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯანდაცვის სამინისტრო რა სიჩქარით მოახერხებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას," - განაცხადა თოიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, ხშირად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკურადაა ანგაჟირებული.

"მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ციხის პირობები მოუხდა და იქ რაღაც გარკვეული პრობლემები არ შეექმნა, ასეთი ათასობით იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილმა არამარტო ციხეში განათავსა, არამედ აწამა. რეალურად, ეს არ არის მიზეზი რა საკვირველია იმისა, რომ სააკაშვილს არ მიექცეს სათანადო ყურადღება, თუკი მისი ჯანმრთელობა საჭიროებს კიდევ დამატებით ჩარევას, რა საკვირველია ჩვენი მედიცინა არის მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა, მე ვაკვირდები და ხშირ შემთხვევაში განცხადებები, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, ამას არც მალავენ," - ამბობს ვოლსკი.

დღის ამბები