22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
აშშ-ის საელჩოს როლი ქართულ პოლიტიკაში - "ხალხის ძალის" წევრები გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებენ 

ვრცელი წერილის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები მედიასთან კომენტარებს აკეთებენ და იმ საკითხებს განმარტავენ, რაც მათ განცხადებაშია აღნიშნული. შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, წერილს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციისა და უმრავლესობის მხრიდან,

"ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ხდებოდა და ქვეყანაში სიტუაციის არევისკენ იყო მიმართული, პირდაპირ იგეგმებოდა ამერიკის საელჩოდან, ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს," - აცხადებს სოზარ სუბარი, ამ ნაბიჯებს შორის ის ასახელებს არჩევნების დროს "სამართლიანი არჩევნების" PVT მეთოდოლოგიის შედეგებს. მისი თქმით, ის, რომ პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებული იყო USAID-ის წარმომადგენელმა იცოდა გაცილებით ადრე, ვიდრე ამის აღიარება მოხდებოდა. როგორც სუბარი აცხადებს, ამ პროცესებთან შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დაკავშირებაც. 

სოზარ სუბარი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ არაფორმალური სანქციებზეც:

"როდესაც ბიძინა ივანიშვილს დაუწესდა არაფორმალური სანქციები, ერთადერთი რამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას მოეხდინა ზეწოლა მის მიერ შექმნილ გუნდზე, რომ მინიმუმ შეერთებოდნენ ყველა სანქციას, რაც ავტომატურად ნიშნავდა, ომში ჩართვას თუ არა, უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისის დაწყებას," - აცხადებს სოზარ სუბარი.

საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საელჩოდან მომდინარე ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას მოუწია არაერთი დათმობა, რამაც საბოლოოდ ქვეყანა დააზიანა. მათ შორის ის ასახელებს ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლებას თუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

"ის პროცესები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, იყო ხალხის ძალის წინააღმდეგ მიმართული, რადგან ხალხი ირჩევდა გარკვეულ პარტიას, მაგრამ ამის წინააღმდეგ მიდიოდა რადიკალური ოპოზიცია და ამას მხარს უჭერდა საელჩო," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხელ ყაველაშვილის თქმით, ის, რომ პირდაპირ არ იყო მოწოდება იარაღის აღებასა და ომში ჩართვასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს იმას, რომ ამის მცდელობა არ ყოფილა. მისი განცხადებით, ამერიკის საელჩო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საშუალებით მიდიოდა ხალხის ნების წინააღმდეგ.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მათ სურთ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა და ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იცვლებოდეს.

დღის ამბები