22 დეკემბერი 2024,   09:06
ვრცლად
ევროპის 12 პუნქტთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება - ამჯერად კონსულტაცია პარლამენტში გენდერულ საკითხებზე იმართება

ევროპის 12 პუნქტზე შეხვედრები გრძელდება. ამჯერად კონსულტაცია პარლამენტში გენდერულ საკითხებზე იმართება.

დეპუტატებთან ერთად, მსჯელობაში მონაწილეობს მესამე სექტორი, ოპოზიციის ნაწილი კი, ამ შეხვედრასაც არ ესწრება.

"არ გვაქვს სამთავრობო სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ პოლიტიკის დოკუმენტები შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ძალადობა, არსებული კანონმდებლობა სრულად შესაბამისობაში არ არის სტამბოლის კონვენციასთან. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური. 

სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაა. ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევა, ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით ქალთა მიმართ ძალადობას და რაც ყველაზე უფრო მძიმეა, ფემიციდის შემთხვევებს. ჩვენთვის, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, ის მუხლები, რომლებიც ამ ეტაპზეც საჭიროებს კორექტირებას, ზედამხედველობა გავუწიოთ არსებული კანონმდებლობის აღსრულებას",- აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი. 

მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

"საშემოდგომო სესიის გახსნისთვის, სავარაუდოდ, უკვე კონკრეტული კანონპროექტები იქნება დადებული. ყველაფერს გავაკეთებთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძილერებისთვის გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, ეს ყველაფერი აისახოს კანონებში და ვფიქრობ, ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობს",- პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.


დღის ამბები