22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
ონლაინ თაღლითობა და მოტყუებული ქართველი მომხმარებელი - "კურიერმა" ერთ-ერთ ასეთ მომხარებელს მიაკვლია, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოტყუებით, 94 ათასი ევრო გადაარიცხინეს

ონლაინ თაღლითობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. გამოვლინდა კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელიც მოქალაქეებს ონლაინ სწრაფ სესხებს ხელსაყრელი პირობებით ჰპირდება. თაღლითები გუგლის სათარგმნი სისტემიდან შექმნილი ტექსტებით ქართველ მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ მაღალ სესხს უპრეცედენტოდ დაბალ პროცენტში დაუმტკიცებენ.

ისინი აგზავნიან ყალბ ბმულებს, მოქალაქეებს საკომისიოსა და მოსაკრებლის თანხას ახდევინებენ, შემდეგ კი ქრებიან.

"კურიერმა" ერთ-ერთ ასეთ მოტყუებულ მომხარებელს მიაკვლია, რომელმაც თითქმის 100 ათასი ევროთი იზარალა.

ქართველი ბიზნესმენი, ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის ერთ-ერთი დაზარალებულია. მას ევროპული ბანკის სახელით მოსარგებლე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით, 94 ათასი ევრო გადაარიცხინეს და უკვალოდ გაქრნენ.

ბიზნესმენი ხაფანგში, სოციალურ ქსელში მიღებული შეტყობინების შემდეგ გაება. ის თაღლითებს WhatsApp-ში დაუკავშირდა და მინიმალურ პროცენტში, 200 ათასი ევროს ოდენობის სესხი მოითხოვა.

ბიზნესმენმა პროკურატურას მიმართა. მისი განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. "კურიერმა" საქმის მასალებიდან თაღლითობის მსხვერპლის ჩვენება მოიპოვა, სადაც ბიზნესმენი დეტალურად აღწერს, როგორ ეკონტაქტებოდნენ უცხო ქვეყნის ნომრებიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.

დოკუმენტები, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ერთ-ერთი ახალგაზრდის თაღლითებთან მიმოწერას ასახავს. ირკვევა, რომ თანხის მოტყუებით გამოძალვის გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფი მოქალაქეების სქემაში ჩაბმასაც ცდილობს. მიმოწერის მიხედვით, 35 წლის ქალი, ჯერ ონლაინ სესხის აღებას ცდილობდა, შემდეგ კი, თაღლითებმა სოლიდური ხელფასის სანაცვლოდ, თანამშრომლობაზეც დაითანხმეს. მას კლიენტისგან 25 ათასი ევროს აღება დაავალეს, თუმცა ამ შეხვედრაზე მისულს კლიენტის ნაცვლად, სამართალდამცველი დახვდა, დაგეგმილი შეხვედრა კი, საგამოძიებო მოქმედება აღმოჩნდა. ასე მოხვდა ახალგაზრდა ქალი ბრალდებულის სკამზე.

ვინ არიან და რომელი ქვეყნიდან მოქმედებენ თაღლითები - "კურიერმა" ახალგაზრდა ქალის ბრალის დადგენილებაც მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ სქემის მეთაურების ვინაობა გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, სახიფათო სმს შეთავაზებების შესახებ. ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. მაკონტროლებელი ორგანო ონლაინ-მსესხებელთან ხელშეკრულების დადებამდე, მოქალაქეებს სასესხო კომპანიების წარმომავლობის გადამოწმებას ურჩევს.

მსესხებელი კომპანიების შესახებ, ინფორმაციის გადამოწმება მოქალაქეებს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე და ცხელ ხაზზე შეუძლიათ. ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებები არაერთ თაღლითურ დაჯგუფებებს ეძებენ.

დღის ამბები