22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ომის დაწყებიდან 180 დღე გავიდა - ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ

ომის დაწყებიდან 180 დღე გავიდა. უკვე ნახევარი წელია უკრაინა რუსულ აგრესიასთან გამკვლავებას ცდილობს. ოკუპანტები ბომბავენ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებს. 373 დაღუპული და 723 დაშავებული ბავშვი - ასეთია 6 თვის თავზე აგრესიული ომის მძიმე შედეგი.

რუსეთი აგრძელებს სასტიკ ბრძოლას უკრაინაში. ოკუპანტების სამიზნე გახდა დონეცკის ოლქი. ომის დაწყებიდან 180-ე დღეს, დაიბომბა სუმის ოლქში მდებარე დასახლებებიც. უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა იერიში არაერთხელ მიიტანეს ბახმუტზე.

დილით აფეთქებების ხმა კიდევ ერთხელ გაისმა ანექსირებულ ყირიმშიც. ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის. რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო აეროდრომ „ბელბეკზე“ მიიტანეს იერიში, თუმცა მათი მტკიცებით, ანტისაჰაერო თავდაცვამ რაკეტები გაანეიტრალა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია მიკოლაევის მიმართულებით, თუმცა რთული ვითარებაა ხარკოვის ოლქში. მხოლოდ ერთ ღამეში, რუსეთმა ხარკოვი 23-ჯერ დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ბელგოროდის მხრიდან დაბომბეს ხარკოვი.

ომის 180-ე დღის დასაწყისში, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.

მარიუპოლის გარდა, რუსეთს ოკუპირებული აქვს ლუგანსკის ოლქი. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა ოკუპანტებმა ომისთვის ბავშვების მომზადება დაიწყეს. ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის მაცხოვრებლები 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების გაუჩინარების შესახებ იტყობინებიან. უკვე 6 თვეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. უკრაინაში აცხადებენ, რომ ომის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113-ტ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დღის ამბები