22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ბორჯომის ხეობა კვლავ სტიქიის ზონაა -  რა ართულებს ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასეულობით მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებული იყო 50 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

იქ, სადაც რთული რელიეფია და ცოცხალი ძალა ვერ მიდის, ღია ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ. პილოტები ავზებს ავსებენ და რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, კვლავ სტიქიის ზონაში გადიან. ქარი და მაღალი ტემპერატურა, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ართულებს.

მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები, სტიქიის ზონაში ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ზოგჯერ შიშველი ხელებითაც მუშაობენ. გართულებული მდგომარეობის გამო პრემიერ- მინისტრმა ყველა შესაბამის უწყებას უკვე დაავალა, რომ საკუთარი თანამშრომლები ცეცხლის ქრობის პროცესში აქტიურად ჩართონ . ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით კი ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანებაც გამოსცა, სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 300-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-ი თანამშრომელი.  ცოცხალ ძალასთან ერთად მობილიზებულია სპეცტექნიკა, რთულად მისადგომ ადგილებში კი მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები მუშაობენ. დილიდან - დაბნელებამდე ქრობის პროცესი ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. მდინარე მტკვარზე დამონტაჟებულია წყლის ტუმბოები, ერთი კილომეტრზე გაშლილია წყლის მაგისტრალები.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს აკვირდებიან იმ სოფლებშიც, საიდანაც ღია ცეცხლის კერები კარგად ჩანს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ტყეში მოქალაქეების დაუდევრობამ გამოიწვია.

მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში დამწვარი ტყის მასივი ჩანს. ცეცხლი ლოკალიზებულია. ღია კერები აღარ არის, თუმცა ახლის გაჩენის საფრთხე კვლავ დიდია. რისკს მაღალი ტემპერატურის გამო , გაცხელებული ნიადაგი ზრდის. ადგილზე ვითარების გასაცნობად სტიქიის ზონაში დღეს შინაგანს საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ.

სტიქიის ზონებთან მდებარე სოფლებში ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის გავრცელების არეალს, დრონებით აკონტროლებენ.

დღის ამბები