22 დეკემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ყირიმი გველოდება, რომ დავიბრუნებთ -ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

სამიტში მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა დაიბრუნებს, რაც მას წაართვეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა,  ყირიმი ვერ იქნება რაიმე გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი:

"ყირიმი გველოდება, რომ დავიბრუნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ დავიბრუნებთ იმას, რაც უკრაინას წაართვეს. რუსული აგრესიის ნაწილია შავ ზღვაზე პორტების დაბლოკვა და საკვების კრიზისის გამოწვევა. ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა საკმარისად ძლიერია.

ჩემთვის პატივია, ყირიმის მეორე სამიტზე ვიყო. გასულ წელს აქ სხვადასხვა ქვეყნიდან 46 წარმომადგენელი გვყავდა. დღეს კი მათი რიცხვი დაახლოებით 60-მდე გაიზარდა. მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის და გაგების, მათი ქმედებების, პოლიტიკისა და დიპლომატიის, ასევე თავისუფლების მხარდაჭერისთვის, ეს პლატფორმა ეფექტურია.

ყირიმი უკრაინაა. ყირიმი არა რაიმე გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია, ან რაიმე ადგილი, არამედ ის ჩვენი საზოგადოებაა, რომელიც ჩვენი მშვიდობის გარანტიაა,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები