22 დეკემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა - მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ახალი კერები ჩნდება

ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა. მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის შედეგად, ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე მთას მოიცავს, ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ცეცხლის ახალი კერები.

ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტყის მასივებში, ხანძარს უკვე ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის, ჩართულია ტექნიკაც.

ქვაბისხევის ტყეში ხანძრის ახალი კერები დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. სამაშველო სამსახურის ქვეით დანაყოფებთან ერთად, ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც აქტიურად მონაწილეობენ. 

ახალი კერების გაჩენამდე, სტიქიური ზონის დიდ ფართობზე ცეცხლი ლოკალიზებული იყო. ეს ქრობის პროცესში ჩართულმა სამსახურებმა 24 საათიანი უწყვეტი სამუშაო პროცესის შედეგად შეძლეს. კურიერმა დღეს, მაშველების კვალდაკვალ იარა. გადამღები ჯგუფი დღის განმავლობაში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც სამაშველო ოპერაცია დასკვნით ეტაპზე გადადიოდა და ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი იწყებოდა.

ხანძრის აქტიურ ზონად ქცეული 150 ჰექტარი ტყის ტერიტორია, სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა სამ სექტორად დაყო. ქრობის ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული 120 ერთეულზე მეტი ტექნიკა. გზები ძნელად მისასვლელ ტერიტორიებზე სწორედ ამ სპეც-მანქანების დახმარებით იჭრება.

ქრობის პროცესს ქართან და მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მთის რთული რელიეფური მდგომარეობაც აფერხებს. მაშველებს ცეცხლთან გამკლავება მძიმედ მისადგომ ტერიტორიებზე უწევთ.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაო პროცესში 1200-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

პროცესი მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ძნელი ხილვადობის მიუხედავად, ცეცხლთან ბრძოლა მეხანძრე-მაშველებს არც ღამით შეუჩერებიათ.

იქ, სადაც ლიკვიდაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია კურიერს საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ცეცხლმა ტყის საფარის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურა. 

ტყის მასივებში სტიქიას უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. წინასწარი ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გვალვა გახდა. სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას უახლოეს დღეებში არ ელოდებიან.

დღის ამბები