22 დეკემბერი 2024,   08:59
ვრცლად
როგორი იქნება წლევანდელი ზამთარი ევროპისთვის - ყველაზე რთულ მდგომარეობაში გერმანიაა, სადაც რუსული გაზის 55 % შედის

ევროპა მძიმე და ცივი ზამთრისთვის ემზადება. ბუნებრივი აირის ონკანი, რომელიც მოსკოვის ხელშია, ნელ-ნელა იკეტება. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა გერმანიაა, სადაც რუსული გაზის 55 პროცენტი შედის. უკრაინის ომმა ბერლინი აიძულა, ენერგომატარებლების მოსაზიდად ალტერნატიული გზები ეძებოს. ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ენერგეტიკული საფრთხის მეორე დონეც და გაზის მოხმარების შეზღუდვაც დაიწყო. ექსპერტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა 2 წელი მაინც დასჭირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში“ - ამის შესახებ ოლაფ შოლცმა კანადის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ისმოდა ვლადიმერ პუტინის მისამართით კრიტიკაც.

ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის" ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის გაყოფის საშუალება არ მისცა.

გერმანიაში გაზის მიწოდების კიდევ უფრო მეტად შემცირებას ელოდებიან და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებენ. რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად, გერმანელ მომხმარებლებს პირველი ოქტომბრიდან დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ და ის 2024 წლის აპრილამდე დარჩება ძალაში.

ამ ფონზე, ბულგარეთი კი რუსეთთან ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებს გარდაუვალად მიიჩნევს. ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ბულგარეთის ტექნიკური მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებები გამართოს „გაზპრომთან“ გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში შეწყდა.

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს უკვე გადააჭარბა. ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ბუნებრივი აირი 8 პროცენტით გაძვირდა. ევროპელების მთავარი სამზადისი ახლა მიწისქვეშა მარაგების შევსებაა.

რუსული გაზსადენის ერთადერთი ალტერნატივა კი თხევადი აირია, რომლის ტრანსპორტირება ტანკერებით ხდება. სავალუტო სანქციების გამო, კრემლმა ევროპელებს გაზის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდა მოსთხოვა. ვლადიმერ პუტინმა დააანონსა, რომ ყველას, ვინც უარი თქვა, მიწოდებას შეუწყვეტდა, მათ შორის - პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს.

დღის ამბები