22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
მორიგი წერილი კელი დეგნანს და კიდევ უფრო გამკაცრებული ტონი - "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები კვლავ ამერიკის ელჩს აკრიტიკებენ

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და ღიად საუბრობენ, რომ რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის დღის წესრიგის მიღმა სწორედ საელჩოს მჭიდრო კოორდინაციაა. მმართველი პარტიის ყოფილი წევრები კიდევ უფრო პირდაპირები აღმოჩნდნენ და თქვეს, რომ კელი დეგნანის შეფასება, თითქოს არჩევნები სამართლიანად არ წარიმართა, შედეგებისადმი ნდობა კი არ არსებობს, წარუმატებელი რევოლუციური სცენარია. 

დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის გზავნილების შეფასებისგან მმართველი პარტია თავს იკავებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდს პარტნიორებთან კომუნიკაციის სხვა ფორმა აქვს არჩეული. ზოგადად კი აცხადებენ, რომ ამერიკის ელჩის შეფასებები "ისფედთან" დაკავშირებით მათშიც გაკვირვებას იწვევს.

წერილის ავტორებს მალევე უპასუხეს "ნაციონალურ მოძრაობაში". მძიმე ბრალდებები - ასე აფასებენ წასულების განცხადებებს პოლიტიკურ პარტიაში. სხვა პოლიტიკურ ძალებშიც იზიარებენ, რომ ყოველი წერილი ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობაა.

სახელმწიფოს იმიჯის დაზიანების მცდელობაში ოპოზიციას "ოცნებიდან" წასულები ადანაშაულებენ. წერილის ავტორებისთვის პრობლემაა ისიც, რომ კელი დეგნანი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს "გავრილოვის ღამეს" უწოდებს. ოთხეულის წევრები ამერიკელ დიპლომატს მოვლენების გახსენებისკენ მოუწოდებენ.

მმართველი პარტიიდან წასულების გზავნილები სახიფათოდ არაერთხელ შეფასდა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ვერ დაზიანდება და ორ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის კავშირები ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერებულია.

 

დღის ამბები