22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მორიგი მოწოდება ქუჩის პროტესტისკენ - როგორ ეხმაურებიან პარტიები შალვა ნათელაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვების შესახებ

ქუჩა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის ნაცვლად - "ლეიბორისტების" ლიდერი კოლეგა ოპოზიციონერებს საპროტესტო მოქმედებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილის პოზიციას იზიარებენ თანაპარტიელებიც. ამბობენ, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია და სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის მოთხოვნებზე მუშაობენ, პარლამენტი უნდა დატოვონ. ნათელაშვილის გუნდის წევრები ამ მოწოდებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეცვლის აუცილებლობით ხსნიან.

მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ მათი მიზანი, თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლების ოპოზიციაში გადაყვანაა და "ლეიბორისტების" ინიციატივა მათ მიზანს ეწინააღმდეგება. ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით შრომის პარტიის ლიდერი ყურადღების მიქცევას ცდილობს.

ევროპული დავალების შესრულებისთვის პარლამენტში მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ პარტია "ლელოში". ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის ადგილი სწორედ საკანონმდებლო ორგანოა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერების მოწოდება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არა პოლიტიკური, არამედ პირადი, სუბიექტური ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში მომუშავე ოპოზიციონერ კოლეგებს, საკანონმდებლო პროცესებიდან გასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირი ეთერიდან მოუწოდა. მიმართვის ადრესატებითვის კი "ლეიბორისტების" პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა.

დღის ამბები