22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე - პაკისტანში წყალდიდობას ბოლო 24 საათში 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე - პაკისტანში წყალდიდობას ბოლო 24 საათში 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად ბოლო სამ თვეში დაღუპულია 1000-ზე მეტი. ათობით ათასი ადგილობრივი ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი.

წყალდიდობის გამო მილიონობით ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. საზოგადოების დიდ ნაწილს საკვებზე მეტად მაინც თავშესაფრის საკითხი აწუხებს. დაზარალებულები შემაღლებულ ფერდობებზე ადიან და კარვებს შლიან, ზოგს კი ღია ცის ქვეშ ცხოველებთან ერთად უწევს ღამის გათევა. ახლა ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდებიან.

არაჰიგიენურ პირობებში ცხოვრებამ და საკვების დეფიციტმა დაავადებების გავრცელების რისკი გაზარდა. ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები ყველაზე მეტად ბავშვებზე აისახა.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პრემიერ მინისტრი დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს. იმის მიუხედავად რომ პაკისტანისთვის წყალდიდობები იშვიათი მოვლენა არ არის, მსგავსი მასშტაბის სტიქია ქვეყანას არ ახსოვს.

გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ექსპერტები კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. პაკისტანს კი ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს შორის ასახელებენ.

პაკისტანის დასახმარებლად გაერო 160 მილიონის გამოყოფას გეგმავს, თუმცა პაკისტანის პრემიერის თქმით თანხა საკმარისი არ არის. ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად 33 მილიონი ადამიანი დაზარალდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 15%-ია.

ავტორი : თიკო ცერცვაძე

დღის ამბები