გრძელდება ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით მიმდინარეობს. გვირაბის ბურღვის სამუშაოები, რომელიც 2021 წლის მაისში დაიწყო, მთავარ გვირაბში უკვე 3 კმ-ისა და 42 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბში 3 კმ-ისა და 300 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც.
პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც - ადგილობრივი გზების მშენებლობას, არსებული სოფლის გზების განახლებას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
ქვეშეთი-კობის პროექტი არის პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებულ გზას უკავშირდება - ეს არის უამინდობის გამო გზის ხანგრძლივი ჩაკეტვა და სოფლების ელემენტარულ საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვა. აღარც ტრანზიტული ტრანსპორტი იმოძრავებს კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთის მხრივ, სატრანსპორტო მოძრაობისგან განტვირთავს კურორტს, მეორეს მხრივ კი, თავად სატრანზიტო მიმოსვლას ბევრად უსაფრთხოს გახდის.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება