საქალაქო სასამართლოში, ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი დაიწყო. დღეს მხარეები მტკიცებულებების დაშვებაზე იმსჯელებენ. პროკურატურას უკვე აქვს 170 მოწმის ჩვენება, მათი გამოკითხვა კი შემდეგი სხდომიდან უნდა დაიწყოს.
სხდომის დაწყებამდე მხოლოდ პროკურორმა გააკეთა განცხადება, კაკულიების ადვოკატმა კი სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.
"სხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. მოგვეცა გონივრული ვადა, რომ ამ შუამდგომლობას გავცნობოდით და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენს დასაბუთებულ პოზიციას წარვადგენთ. ჩვენ არ ვეთანხმებით შუამდგომლობის არც ერთ ნაწილს,"- აცხადებს საქმის პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.
ცნობილია, რომ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმები, დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი 30 მაისს დააკავეს. ძმები ფიგურირებენ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდება, ისინი ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ.