დიდი დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, სახლში, სადაც დღეს დილით, სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ. სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ გაქირავებულ ბინაში რემონტი ახალი გაკეთებული იყო და შესაბამისად ახალი და დაუზიანებელი იყო ტექნიკაც და კომუნიკაციებიც. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო აფეთქების მიზეზი.
ადგილობრივების თქმით, ოჯახი, რომლის წევრების აფეთქებისას დაშავდნენ, ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის გადმოსულები იყვნენ.
როგორც მეზობლები აცხადებენ, აფეთქებისას განსაკუთრებულად დაზიანდა დედა-შვილი. მათი თქმით, ბავშვსაც და დედასაც სერიოზული დამწვრობები ჰქონდათ მიღებული.
არსებული ინფორმაციით, კრიტიკულად მძიმეა ერთი წლის ბავშვის მდგომარეობა.
სამედიცინო დაწესებულების ექიმი, სადაც დაშავებულ ქალს მკურნალობენ, აცხადებს, რომ ტრავმა, რომელიც ქალმა აფეთქებისას მიიღო, მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს და მას ახლა მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდება.
"რეანიმაციაში განყოფილებაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი სხეულის კრიტიკული დამწვრობით. სასუნთქი გზების დაზიანებით, დამწვრობითი შოკით. მკურნალობა უტარდება რეანიმაციის განყოფილებაში, ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს," - აცხადებს ექიმი.
აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 240-ე პირველი პრიმა მუხლით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.