პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სახალხო დამცველის არჩევის წესი გარკვეულ ე.წ. ნაღმებს შეიცავს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სახალხო დამცველის არჩევის წესის გაკრიტიკება.
"როცა ოპოზიცია ნაღმებზე საუბრობს და ვერ უთითებს, კანონპროექტში რა ნაღმებია, ეს მიუთითებს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, რაღაცნაირად გააკრიტიკონ იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა. ჩვენ მიერ შეთავაზებულ წესს არაფერი დაეწუნება და არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ვინმეს შეუძლია, ისაუბროს ამ კანონპროექტის ნაკლოვანებაზე.
დღეს არსებული რეგლამენტაცია რაც არის და ის რაც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, იძლევა მეტ ინკლუზიურობას, მეტ შესაძლებლობას, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი მოსაზრება. რაც შეეხება კონკრეტული სუბიექტებზე რაღაც ულტიმატუმების წამოყენებას, რომ აუცილებლად რომელიმე ორგანიზაცია, ეხება თუ არა მის საქმიანობას, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფში, არ მგონია, რომ ამ საკითხის წამოყენება მართებული და დროული იყოს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.