"ქართული ოცნება" მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.
"აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, ექვსი წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი – მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით.
გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ," - განაცხადა კობახიძემ.