15 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს. 

უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია ახლო მეგობრები და სანდო პარტნიორები არიან და ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები მტკიცე ისტორიულ საფუძველსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრმა და ელჩმა დადებითად შეაფასეს ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სფეროს და მტკიცე ხალხთაშორის და კულტურულ კავშირებს.
ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიურ დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა უახლოეს მომავალში დაგეგმილ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო წარმომადგენლების მხრიდან. ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირების განხილვისას, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ გერმანია ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის ერთი-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და გაცვალეს მოსაზრებები გერმანული ბიზნესის საქართველოთი კიდევ უფრო დაინტერესების გზებზე, როგორც საინვესტიციო, ისე ლოგისტიკურ ჭრილში.

რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ პარტნიორების მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას და აღინიშნა საქართველოს შეუქცევადი წინსვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა გერმანიის ელჩს გააცნო ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგი და საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებული პროგრესი.

გერმანიის დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა მზაობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების თაობაზე," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები