ვინ და რა პროცედურებით უნდა დაამტკიცოს ელჩები - მთავრობა და პრეზიდენტიც ახლა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას ელოდებიან. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ხელი მოაწერა, პრეზიდენტს კიდევ შვიდი ელჩის დასამტკიცებლად მიმართეს. ეს ინფორმაცია ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა და ისიც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კომპრომისი არასწორად გაიგეს. თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ გადაწყვეტილებებზე ხელის მომწერი არ არის.
"საკონსტიტუციო სასამართლო არის "ქართული ოცნების" დანამატი, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მათაც კი არ შეუძლიათ იმ გადაწყვეტილების მიღება, აგერ რამდენიმე თვეა მიდის ეს დავა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული, იმიტომ რომ როგორც ორჯერ ორი ოთხია, შეუძლებელია რომ მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინოს 7 ელჩი, როგორც ახლა მოხდა და 7-ვე პრეზიდენტმა ყოველგვარი შენიშვნის გარეშე დაამტკიცოს, კონსულატციებიც კი არ გაუმართავთ თურმე. პრეზიდენტი არ არის ხელის მომწერი მხოლოდ," - აცხადებს გოცირიძე.
"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს რა დისკრეციით მოქმედებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის დროს.
"ჯერ იყო და მთავრობას უნდოდა საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა და მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამას უარყოფითად აფასებდა, დღეს მთავრობა მგონი გამოხმობას აპირებს ამ სარჩელის უკან და პრეზიდენტი ამბობს, რომ არა, ჯობს რომ ეს იყოს განხილული. ამიტომ, ამ ყველაფრიდან ჩემთვის ცოტა რთულია გამოვიტანო ლოგიკური დასკვნა, თუმცა ერთი რამე ცხადია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ის დისკრეციის ნაწილი, რა დისკრეციითაც პრეზიდენტი მოქმედებს ელჩების დანიშვნის დროს. ამას თუ სჭირდება საკონსტიტუციოს განხილვა, კი ბატონო, განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ," - თქვა იოსელიანმა.