პრემიერ მინისტრის შეფასებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც პრემიერი "ოცნებიდან" წასული ოთხეულის წერილებსაც ეხმაურება.
როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ დატოვეს, რომ მათი შეხედულებები განსხვავებულია. როგორც ის ამბობს, მთავარი ამოცანა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სიმართლის გაცნობაა.
“იმიტომ გავემიჯნეთ ქართული ოცნების გუნდს, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია არსებობს სიტუაციასთან დამოკიდებულებაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გზავნილებში და ჩვენი მთავარი გზავნილი ეს იყო საზოგადოების მიმართ, იმ ინფორმაციის მიწოდება და იმ სიმართლის გაცნობა, რომელსაც ვფლობდით ჩვენ. გავაგრძელებთ ამ ინფორმირებულობის პროცესს, ვინაიდან ვთლით, რომ პროცესი არ შეჩერებულა. რა თქმა უნდა, სხვადსხვა ინფორმაციები სხვადასხვა ინსტიტუციაზე, პოლიტიკოსებზე, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა ხაზს, რომელიც ავირჩიეთ, ის საწყისი ეტაპია და ყველაზე კარგად ვინც გაიგო ეს ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი საზოგადოება,“ - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.
„ქართული ოცნებიდან“ წასული კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები მათი გზავნილებისგან განსხვავებულია, არავის არ უნდა გაუკვირდეს. მისი თქმით, მმართველი გუნდი სწორედ იმიტომ დატოვეს, რომ განცხადებებში შეზღუდვები არ ჰქონოდათ.
"„პრემიერ მინისტრი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების ლიდერები რომ განცხადებას აკეთებენ, რომელიც განსხვავდება ჩვენი განცხადებისგან, მგონია, რომ ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. ჩვენ სწორედ ამიტომ დავტოვეთ ქართული ოცნება, რომ როდესაც ხარ მმართველ პარტიაში, ბუნებრივია, გარკვეული ტიპის პოლიტიკური შეზღუდვები და ჩარჩოები იქ გაგაჩნია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი და პრემიერ მინისტრის განცხადება ერთნაირი რომ ვერ იქნება, ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ამან ძალიან კარგად გაამართლა, მუშაობს ის პრინციპი, რომ საზოგადოებამ თუ იცის სწორი და საჭირო ინფორმაცია, ის ყოველთვის მიიღებს თავისი სახელმწიფოდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სწორ გადაწყვეტილებებს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.