07 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
"ბლექ ჰორნეთი", იგივე "შავი კრაზანა" - უკრაინას 55 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სადაზვერვო დრონები გადაეცემა

უკრაინულ არმიას რუსეთთან ომში მალე ახალი სადაზვერვო დრონები დაეხმარება, თუმცა სხვა დასავლური ანალოგებისგან განსხვავებით, მის დანახვას ოკუპანტები ვერ შეძლებენ. "ბლექ ჰორნეთი", იგივე "შავი კრაზანა" 12 სანტიმეტრის სიგრძისაა და სადაზვერვო ფუნქციის შესრულება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც შეუძლია. 

დრონის ფრენის მანძილი 2 კილომეტრს შეადგენს. მას სადაზვერვო ფუნქციის შესრულება 25 წუთის განმავლობაში შეუძლია. უამინდობა და ღამე პრობლემას არ წარმოადგენს. მოწინააღმდეგის დაფიქსირებაში 12 სანტიმეტრის სიგრძის ვერტმფრენს სითბური სენსორები ეხმარება.

უპირატესობაა არამხოლოდ გაშლილ ან მთიან ზონაში, არამედ ქალაქის პირობებშიც. დრონის სიგნალი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ბეტონის სქელი კედლების მიღმაც შეფერხების გარეშე იფრინოს. "ბლექ ჰორნეტის" ხმაურის დონე დაბალია, რაც მის დაფიქსირებას ართულებს. 

დრონის კომპლექტი კილოგრამს და 300 გრამს იწონის. შედგება ორი საფრენი აპარატისგან - 7 ინჩიანი ეკრანისა და სამართავი პულტისგან. მისი მართვა ერთი ხელით არის შესაძლებელი. ფასი 50 000-დან 150 000 დოლარამდე მერყეობს. მაშინ როცა, დიდი ზომის ანალოგების ფასი 8 მილიონიდან იწყება. შეიარაღებას ნორვეგია და შეერთებული შტატები აწარმოებენ.

დრონი ინფორმაციას რეალურ დროში გადასცემს, მას არ აქვს მეხსიერების ბარათები, შესაბამისად, მტრის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.

ნორვეგიულ-ამერიკული წარმოების საფრენი აპარატის პირველი პარტია ბრძოლის ველზე ორ კვირაში ჩავა, სულ კი უკრაინას დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის დაფინანსებით 55 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სადაზვერვო დრონები გადაეცემა.

 

 

 

დღის ამბები