საშემოდგომე სესიის გახსნამდე ორი დღე რჩება. როგორ წარიმართება საკანონმდებლო პროცესები იმ ფონზე, როცა გარკვეული საკითხები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ისევ შეუთანხმებელია. "ქართული ოცნება" ოპონენტებს შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმებულ ინიციატივას სთავაზობს - საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, თუმცა ოპოზიციას სხვა მოთხოვნები აქვს.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა მისასალმებელი იქნება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
"გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" შეიცვალა პოზიცია და ბუნებრივია, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ ცალკე ეს საკითხი განხილული ვერ იქნება იმიტომ, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა არამარტო გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთანხმებას, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, ბარიერის დაწევას, ბლოკების საკითხის რეგულირებას და ა.შ. ამიტომ ცალკე ამ საკითხით, ბუნებრივია, მხარდაჭერა ვერ ექნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ დეპოლარიზაციის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს და ერთობლივი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული," - აცხადებს ბეჟაშვილი.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არავის არ უნდა შეუქმნას ილუზია, რომ მხოლოდ გენ.პროკურორის არჩევის წესის ცვლილებით რაიმე პროგრესი იქნება მიღწეული.
"საკონსტიტუციო ცვლილება პროკურორთან დაკავშირებით ჩვენთვის არ არის პრობლემა, ანუ ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამავე დროს არავის არ უნდა შეუქმნას ხელისუფლებამ ილუზია, რომ მხოლოდ ამ საკითხის გადაჭრით რაიმე პროგრესს მივაღწევთ, იმიტომ რომ ევროკავშირის 12-ვე პუნქტი არის გაწერილი მკაფიოდ, მათ შორის 19 აპრილის სულისკვეთების დაცვა და შესრულება. იქ არის ამაზე ჩანაწერი.
საკონსტიტუციო ცვლილება, რაც შეეხება ბარიერის დაწევას უკვე დაწყებულია პარლამენტში და ეს ბოლომდე უნდა მივიდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია," - თქვა სამადაშვილმა.