15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
რუსეთი, ოკუპაცია და აგრესიის შედეგები საქართველოსა და უკრაინაში - თბილისი ხვალიდან ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის სახელწოდებაა "დიდება უკრაინას"

რუსეთი, ოკუპაცია და აგრესიის შედეგები საქართველოსა და უკრაინაში - თბილისი ხვალიდან ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის სახელწოდებაა "დიდება უკრაინას". კონფერენციის გახსნამდე, საქართველოში ჩამოსული ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები პირადად ეცნობიან გამოწვევებს, რომელიც სწორედ რუსეთის აგრესიის და საქართველოში შემოჭრის შედეგია. დელეგაციის წევრები დღეს სოფელ ოძისში ჩავიდნენ, იქ, სადაც რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული სამხედრო ბაზაა, მანამდე კი საოკუპაციო ხაზია გავლებული.

საქართველოს მხარდაჭერის დასადასტურებლად, ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ვიზიტი ოძისის საოკუპაციო ხაზიდან დაიწყეს. კიდევ ერთხელ თქვეს და დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რომ რუსეთი ოკუპანტია.

კურტ ვოლკერსა და დევიდ კრამერს დაეთანხმა უკრაინის ანტიკორუფციული კოალიციის წარმომადგენელი. საოკუპაციო ხაზთან მყოფმა დარია კალენიუკმა აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად ესმის, თუ როგორია რუსეთის ოკუპაციაში ყოფნის რეალობა.

ოძისის საოკუპაციო ხაზთან მისულ ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დახვდა, რომელმაც მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე იზრუნა. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კი სტუმრებს არსებული ვითარება ადგილზე გააცნო.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს დილით ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრები ხელისუფლებასთან შეხვედრასაც გეგმავენ. 

დღის ამბები