15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
უმრავლესობა და ოპოზიცია საშემოდგომო სესიას არაერთი შეუთანხმებელი საკითხით ხვდება - სესია 2 დღეში გაიხსნება

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია საშემოდგომო სესიას არაერთი შეუთანხმებელი საკითხით ხვდება, რომელიც რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებას და რეფორმებს უკავშირდება. სესია ორ დღეში გაიხსნება. ძალაშია მმართველი პარტიის წინადადება გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვვლილების შეტანის შესახებ, თუმცა ოპოზიცია უფრო მეტ კომპრომისს ითხოვს.

მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად, განხილული იყოს საარჩევნო ბარიერის დაწევის, საარჩევნო ბლოკების ფორმირების და სხვა საკითხები, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა. ამ ფონზე, მმართველი გუნდი ოპონენტებს დესტრუქციაში და რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაზიანებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი ოპონენტებს სთავაზობს, გენერალური პროკურორის არჩევის საკონსტიტუციო ცვლილებას იმ სახით, როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში იყო შეთანხმებული. კანონპროექტის თანახმად, მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი 3/5-იანი ქვორუმით უნდა დამტკიცდეს, რაც ოპოზიციისთვის მისაღებია, თუმცა მხარდაჭერისთვის მათ უმრავლესობასთან საპასუხო შეთავაზება აქვთ - ამ ცვლილებასთან ერთად, განიხილონ სხვა საკონსტიტუციო პროექტიც - საუბარია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე. ამბობენ, რომ ორივე საკითხს პარტიები ერთიან პაკეტში განიხილავდნენ. შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა დღესაც, პარტიებს შორის ნდობის აღდგენას და დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

"ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმი. მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა 12 პუნქტის შესრულების პროცესს მხოლოდ დააზიანებს. განმარტავენ, რომ სწორედ რეკომენდაციების შესრულება გახდა მმართველი გუნდისთვის მიზეზი, წარედგინათ კონსტიტუციური ინიციატივა, რომელზეც 1 წლის უარი თავად თქვეს და რომელზეც დღესაც ფიქრობენ, რომ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. უმრავლესობის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გენრპოკურორის არჩევაც და ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებია, მათი ერთობლივად განხილვა ახლა არასწორია.

საარჩევნო ბარიერი რომ ცალკე განხილვის თემაა, ამაზე ოპოზიციის ის ნაწილიც საუბრობს, რომელიც ამ ცვლილებისგან განსხვავებით, გენპროკურორის 3/5 იანი ქვორუმით არჩევას მხარს არ უჭერს.

მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ პროკურორის არჩევა 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომლის შესრულებაზეც პოლიტიკური ძალები არიან პასუხისმგებელნი. ბარიერთან დაკავშირებით კი "ოცნება" განხილვის გაგრძელებას ჯერ არ აპირებს.

პარლამენტში ხვალ ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი განისაზღვრება. მათ შორის იქნება გენპროკურორის არჩევის საკონსტიტუციო ცვლილებაც, თუმცა არა საარჩევნო ბარიერის დაწევა. ამ საკითხის განხვილვას მმართველი გუნდი სავარაუდოდ მომდევნო წლიდან განაგრძობს.

დღის ამბები