დაანონსებულ მორიგ რევოლუციურ პოლიტიკურ ცვლილებებს საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას განცხადება არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არც ერთ ნაბიჯს არ დგამს ქვეყანაში დეპოლარიზაციის მისაღწევად.
გარდა ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციის ერთადერთ მიზანს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს, რადგან ხელისუფლების ოპონენტებს ამ საქმეში ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ.
"ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადაედგათ, პირიქით - პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი. ესეც იგივე განცხადებაა ხომ?! ამ მთლიან განცხადებაში რომელი აბზაცი, წინადადება, რომელი სიტყვა გულისხმობს თავის თავში დეპოლარიზაციას? ეს არის პირდაპირ რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება.
როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციის საკითხზე, პრობლემაზე ან გამოწვევაზე, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს შემდეგ ამ პოლარიზაციას. არაღიარება ხელისუფლების და ეს არის მთავარი გამოწვევა.
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, უკვე სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ბოლო 2 წელია, არჩევნები ჩატარებული იყო და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ და შემდგომ, შიგადაშიგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე. ყოველ ჯერზე სამწუხაროდ ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან და მითუმეტეს ამ მოთხოვნას არა აქვს. ერთადერთი რასაც ისინი ამით აღწევენ არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან," – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით კი, არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება ისე, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
"პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობაა". ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.