ევროკავშირმა და უკრაინამ, უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტს ხელი, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის ფარგლებში მოეწერა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ. მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. რობერტა მეცოლამ დენის შმიგალთან შეხვერაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, სამხედრო, ლოჯისტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
"ბოლოს ასოცირების საბჭოს სხდომა თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაიმართა. დღეს ჩვენ სულ სხვა სიტუაციაში ვართ, სამყარო შეიცვალა, თუმცა ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს მთავარი პოლიტიკური მიზნის გარშემო. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის არის ის, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. როგორიც არ უნდა იყოს საფრთხე და შანტაჟი რუსეთის მხრიდან, ჩვენ გაგიწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებს, სანამდეც ეს საჭირო იქნება. დღეს ჩვენ შევაფასეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის პროგრესი უკრაინის რეფორმირების გზაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში ყველა მიმართულებით დაწინაურდა, მიუხედავად ომისა. უკრაინას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს მის თითოეულ ნაბიჯს ევროპისკენ მიმავალ გზაზე,"- აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი კი აცხადებს, რომ უკრაინა მადლობელია ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების:
"უკრაინა დღეს მაღალ ფასს იხდის დამოუკიდებლობისა და ევროპული პერსპექტივისთვის. ამავდროულად ეს პირველი ასოცირების საბჭოა უკრაინის ახალი სტატუსის პირობებში. უკრაინა მადლობელია ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების რომ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება უკრაინისადმი სოლიდარობის მაჩვენებლია და სიმბოლო რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის . ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ერთიანობა ევროპული მომავლისთვის. უკრაინის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს რათა ჩვენ ევროპას რაც შეიძლება სწრაფად დავუახლოვდეთ და ამას არ დაჭირდეს ათწლეულები. უკრაინა იბრძვის და გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. სამწუხაროდ ჩვენ რუსეთის მხრიდან ვერ ვხერდავთ ომის შეწყვეტის სურვილს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება,"- აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.