15 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დეტალურად განმარტა - მას კითხვები უმრავლესობის წარმომადგენლებმაც დაუსვეს

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რატომ ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ვეტო პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ისაუბრა. 

გიორგი მსხილაძემ  პრეზიდენტის პოზიცია დეტალურად განმარტა და  სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეცვალონ გადაწყვეტილება და უარი თქვან ვეტოს დაძლევაზე.

"წარმოდგენილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, რომ პირმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიტყოს, რომ საგამომძიებლო მოქმედებები ხორციელდებოდა. შესაბამისად, რეალური საფრთხე ექმნება ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას. ზოგადად, მოთხოვნები კანონმდებლობის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში. წარმოდგენილი ცვლილებები სამართლიანად იმსახურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების და სხვა სპეციალისტების შეშფოთებას და კრიტიკას. უფრო რაციონალური, გამჭვირველე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ფორმალური კონსულტაციების გამართვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მანამ, სანამ კანონის პროექტთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. 

კანონის პროექტი საჭიროებს დამაჯერებელ დასაბუთებას, თუ რატომ გაფართოვდა იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება გამოძიებას ფარული ღონისძიებების გამოყენებით," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამ გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის სახელმწიფო მდივანს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული კითხვებით მიმართეს.

"მიმართეთ თუ არა თქვენ საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც მან მოტივირებული შენიშვნები, ანუ ვეტო დაადო ამ კანონს, რომ თუ როგორ წარიმართა პროცესი საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, განუმარტეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ასევე, განუმარტეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, ან გამოითხოვეთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადავდეთ ამ საკითხის განხილვა თითქმის 3 კვირაზე მეტი ვადით, ჩვენი პარტნიორების თხოვნით. გქონდათ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მიაწოდეთ თუ არა პრეზიდენტს, რომ ჩვენ გქვონდა ფართო განხილვა ოპოზიციის ჩართულობით," - განაცხადა ოხანაშვილმა

დღის ამბები