15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ - ირაკლი კობახიძე

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ქართული ოცნების" თავჯდომარე, უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სანქცირებულთა სიაში ქართველი პოლიტიკოსებიც იქნებიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამორიცხულია, ვინმემ შანტაჟით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

"სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ.

ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, რომელსაც მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ვხედავთ, რომ ზოგადად არის ძალიან ფართო კოორდინაცია იმ ძალებს შორის, რომლებიც პირდაპირ მტრობენ ქართულ სახელმწიფოს.

მათ სურთ მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებული არიან აბსურდით და არახამიას რაღაც სურვილების განხორციელებით, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა ასეთი აბსურდული ინიციატივები გაიტანონ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები