იუსტიციის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს კანონშემოქმედებით ნაწილში პარტნიორობაზე, შეხვედრისას იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ქართული სამართლებრივი სივრცე გერმანიაში დამკვიდრებული ფასეულობების გავლენით ჩამოყალიბდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ევროპელ კოლეგებს გააცნო სამინისტროს საქმიანობები, რომელიც მოიცავს ქართული სამართლის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართალთან.
"ჩვენ გერმანელ დეპუტატებს გავაცანით იუსტიციის სამინიტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები რაც, მათ შორის მოიცავს ქართული სამართლის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართალთან. მინდა მადლიერება გამოვხატო მათი მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს მიერ დასახული წარმატებით იქნება მიღწეული," - აცხადებს რატი ბრეგაძე.
ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და იმ საკითხებზე ისაუბრა რაც შეხვედრაზე იყო განხილული.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ციფრულ სერვისებს. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ," - აცხადებს ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერი.