ამერიკის აგენტურაზე გავრცელებული წერილი ოპოზიციისთვის არასერიოზულია.
წერილის ავტორების ბრალდებაზე ადრესატები აცხადებენ, რომ ეს არის "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების პოლიტიკური დღის წესრიგი და მცდელობა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ აზრი, თუმცა ამბობენ, რომ ეს ბრალდებები არის სიცრუე და რეალობასთან კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო საკითხი, რომლის გარკვევასაც სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ წერილის ავტორებთან შეეცადნენ.
"ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო აგორდეს "ქართული ოცნების" მხრიდან და რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ საქართველოს ინტერესები კიდევ უფრო დაზიანდეს და გაიზარდოს რუსული გავლენები საქართველოში, ანტიდასავლური კამპანია პირდაპირ ნიშნავს ამას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხეულის განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩნია.
"განცხადებაზე ერთი კითხვა მაქვს, მანდ ნათქვამია, რომ 2013 წელს ორი ჯაშუში იხსნაო ამერიკამ, ერთში რომ მე ვიგულისხმები გასაგებია და მეორე ვერ გამოვთვალე ვინ არის, გვითხრან, არ შეიძლება ასე დაინტრიგება საზოგადოების. ამბავიც მაქვს, რომ თავის დროზე მე გავუწიე რეკომენდაცია სოზარ სუბარს, რომ ჩვენს კოლეგა სპეცსამსახურებთან თავისუფლების ინსტიტუტში რომ ვიღებდით და ძალიან გამიჭირდა, რომ მიეღოთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.