15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"ნაცმოძრაობას" და "ლელოს" არავითარი პირობის შესრულება რომ არ შეუძლიათ, იმიტომ არიან იქ, სადაც არიან - "ოცნება" ოპოზიციის ნაწილის შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ

მმართველი გუნდისთვის გაუგებარია რატომ შეცვალეს პარტიებმა გადაწყვეტილება პირველი მოსმენის შემდეგ. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მათი ოპონენტების მიერ დაყენებული შენიშვნები უმრავლესობამ გაითვალისწინა, შესაბამისად აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები ალოგიკურია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ლელოს" არავითარი პირობის შესრულება არ შეუძლიათ.

"ჩვენ მეორე მოსმენის ფარგლებში რაც შევთავაზეთ, ეს კიდევ ერთხელ იყო მსჯელობის, შემოთავაზებების შედეგად შეცვლილი ვერსია. ამაზე უკეთესი მოდელი არ არსებობს. 

"ნაციონალურ მოძრაობას" და "ლელოს" არავითარი პირობის შესრულება რომ არ შეუძლიათ, იმიტომ არიან იქ, სადაც არიან. საზოგადოება მათ არ ენდობა. საზოგადოებას მათ თავის დროზე რა პირობაც მისცეს, ვერაფერი შეუსრულეს, მათ ამომრჩეველსაც კი. ამიტომ არიან ამ დაბალი პროცენტული მაჩვენებლებით წარმოდგენილი იქ, სადაც მათ ამომრჩეველმა განუსაზღვრა ადგილი და მათ ჩვევიათ, რომ შეიძლება ასე უაპელაციოდ გაცემული პირობა უბრალოდ არ შეასრულონ, გადათქვან, მათ ლოგიკაში შესვლა რთულია," - განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომ არ დააყენონ საკუთარი კანდიდატი უზრუნველყოფს ომბუდსმენის კიდევ უფრო ღია კონკურენციის და ჩართულობის პირობებში დანიშვნას.

"წესები, რომლებიც აქ შევიმუშავეთ ოპოზიციის ჩართულობით და ის პოლიტიკური განცხადება, რომელიც გაკეთდა "ქართული ოცნების" მხრიდან, ჩვენ ვთქვით რომ არ წარვადგენთ კანდიდატურას, აბსოლუტურად იძლევა წინაპირობას, რომ მომავალი ომბუდსმენი კიდევ უფრო ღია კონკურენციის და მონაწილეობის და ფართო შერჩევის საფუძველზე იქნას დანიშნული. პროცედურა, რომელზეც უკვე ოპოზიციასთან ერთად გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინდელ კენჭისყრაზე, გულისხმობს იმას, რომ უპირატესობა კანდიდატების წარდგენაზე აქვს ოპოზიციას.

პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეძლებს რომელიმე, თუნდაც სასურველი კანდიდატის დამტკიცებას ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, კითხვის ნიშნები აქ არ არსებობს, მაგრამ კითხვის ნიშნები გვაქვს იმ ნაწილში, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავს არიდებენ ამ პროცესში მონაწილეობას," - თქვა თალაკვაძემ.

დღის ამბები